ეთნოფესტი 2018

28,29,30 სექტემბერს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის მეორე საერთაშორისო სამიტი- „ეთნოფესტი 2018“ გაიმართა. სამიტს კვლავ ”ექსპო ჯორჯიამ” უმასპინძლა, სადაც თავი 150-მდე ოსტატმა, დიზაინერმა და მეწარმემ მოიყარა, როგორც საქართველოდან, ასევე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

„ეთნოფესტი 2016“-ის შედეგებმა ცხადყო ტრადიციული რეწვის როლი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. პირველი სამიტის წარმატებიდან გამომდინარე, გაჩნდა სამიტის ბიენალეს რეჟიმში გამართვის მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო მონაწილეების მხრიდან. 

სამიტი ტრადიციულად შეიცავდა საგანმანათლებლო კომპონენტსაც: სამი დღის განმავლობაში, საკუთარი პროდუქციის დივერსიფიკაციის და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მონაწილე ოსტატებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ დარგის საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებულ საჯარო პრეზენტაციებს, მასტერკლასებსა და ვორქშოფებს. საგანმანათლებლო ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ: საერთაშრისო ბაზრის მიმდინარეობებს და მოთხოვნებს, პროდუქციის განვითარების პერსპექტივებსა და ტენდენციებს ხალხური რეწვის, სასაჩუქრე და ხელნაკეთი ნივთების სფეროში; პროდუქციის შეფუთვის, კლიენტისთვის მისი წარდგენის თანამედროვე მოთხოვნებს და სტრატეგიებს; ხელნაკეთი თუ ეთნოპროდუქციის გაყიდვის სფეროში არსებულ თანამედროვე ონლაინ პლატფორმებს.

 

საჯარო ლექციები და პრეზენტაციები

  • კარენ გიბსი, ხალხური რეწვის მარკეტინგის ექსპერტი (აშშ)- „ხალხური რეწვის პოპულარულობა: ბაზრის შესაძლებლობათა მიმოხილვა საერთაშრისო ხელნაკეთი ბრენდებისთვის“
  • პალომა სუარესი, რეწვის ტურიზმის სპეციალისტი (დიდი ბრიტანეთი) – „ხალხური რეწვის ტურიზმი საქართველოში, მდგრადობა და განვითარება“
  • ჯანინ აალფსი, საცალო ვაჭრობის სპეციალისტი (ნიდერლანდები) – „სამუზეუმო მაღაზიებისა და რეწვის ოსტატების თანამშრომლობა“
  • ანდრეი მ.გეორგესსკუ, მარკეტინგის ექსპერტი (რუმინეთი) – „ ტრადიციული ხელნაკეთი პროდუქცია გლობალურ ბაზარზე“
  • ირინა კოშორიძე, ხელოვნებათმცოდნე (საქართველო) – „მუზეუმი და ხალხური რეწვა“
  • ირინა საგანელიძე, ხელოვნებათმცოდნე (საქართველო) – „ქსოვილი საქართველოდან“
  • ირინა გიორგაძე, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ (საქართველო)- „მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი“
  • ზურაბ ფოცხიშვილი, ეთნოლოგი (საქართველო) – „ტრადიციული რეწვა: წარსული და აწმყო“
  • თამარ კიკნაძე პროექტ „ეთნოფესტის“ მენეჯერი (საქართველო) – „ხალხური რეწვის მსოფლიო საბჭო. რეწვის ქალაქები“

 

ვორქშოფები:

ლინდა გროსი (აშშ)

  • „ვინ არის დიზაინერი/ხალხური რეწვის ოსტატი? რა გამოარჩევს თქვენს ნამუშევრებს?“
  • „რით არის განსაკუთრებული საქართველო და ქართული ხელნაკეთი პროდუქცია?“
  • „გლობალური ტენდენციების იდენტიფიკაცია“

ირენე ვერმეულენი (ნიდერლანდები)

  • „ხალხური რეწვის პროდუქციის ბაზარი, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე“
  • „ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე; ბაზრის სეგმენტები და დისტრიბუციის არხები“
  • „ხელნაკეთი პროდუქციის დიზაინის ტენდენციები 2019 წლისთვის“

ექსპოს პარალელურად, სამიტმა სტუმრებს და დამთვალიერებლებს შესთავაზა საინტერესო გამოფენები: „ტრადიციული რეწვის ისტორიული ნიმუშები და თანამედროვე დიზაინი“ - ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; „ქსოვილი საქართველოდან“ - საქართველოს ხელოვნების სასახლე; „ეთნიკური ევოლუცია“ - ნაციონალური სამოსის სახლი. 

 

სამიტის დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდა „საუკეთესო სტენდის“ კონკურსში გამარჯვებული.

 

„ეთნოფესტი 2018“- ის მხარდამჭერები:

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, თბილისის სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, აჭარის განათლების და კულტურის სამინისტრო, რუსთავის მუნიციპალიტეტი, ქ.გორის მუნიციპალიტეტი, აშშ-ს საელჩო საქართველოში და ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში. 

 


ფოტო გალერეა